ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

EBU-ს აზრით ბელარუსის საკონკურსო სიმღერა ევროვიზიის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ფოტო: EBU

ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ბელარუსს ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე წარდგენილი სიმღერის შეცვლას, ან ახალი სიმღერის წარდგენას სთხოვს.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სიმღერა, რომლითაც როტერდამში ევროვიზიაზე ჯგუფი უნდა წარდგეს, ეჭვქვეშ აყენებს კონკურსის არაპოლიტიკურ ხასიათს. ამას გარდა, კონკურსის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სიმღერის წარდგენაზე რეაქციების გათვალისწინებით, არსებობს „ევროვიზიის“ რეპუტაციის შელახვის რისკი.

ფოტო: EBU

ევროპის მაუწყებელთა კავშირში აცხადებენ, რომ უკვე აცნობეს ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიას იმის შესახებ, რომ სიმღერა ამჟამად არსებული სახით კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბელარუსულ მხარეს ტექსტის შეცვლილი ვერსიის ან კონკურსის წესების შესაბამისი ახალი სიმღერის წარდგენას სთხოვენ. აღნიშნულის შეუსრულებლობის შედეგად ბელარუსი შესაძლოა, დისკვალიფიცირებულ იქნას მიმდინარე წლის კონკურსიდან.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღით ადრე GamarjobaEuorope.com-ის ადმინისტრაციამ გავავრცელეთ განცხადება, რომ ჩვენი, როგორც ევროვიზიის გულშემატკივრების და ჟურნალისტების პასუხისმგებლობის მომენტია, რომ არ გავაშუქოთ სიახლეები ბელარუსის დიქტატორული რეჟიმის მართული არხის მიერ, 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისათვის შერჩეული სიმღერის შესახებ.

შესაბამისად, gamarjobaeurope.com-ის ადმინისტრაცია, ევროვიზიის ოჯახში შემავალი სხვა გულშემატკივრების საიტების მსგავსად, უარს ამბობს ბელარუსის საკონკურსო სიმღერის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოწოდებაზე.

უპასუხე