ევროვიზიის სიახლეები
ორგანიზაცია

ევროვიზია და კორონავირუსი – ევროპა ორგანიზატორების გადაწყვეტილების მოლოდინშია

რა ბედი ელის  2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, რომელიც როტერდამში უნდა გაიმართოს 12,14 დ 16 მაისს – ეს ის კითხვაა, რომელიც ევროვიზიის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აწუხებთ ამ ეტაპზე.  

ევროპის მაუწყებელთა კავშირში ანაცხადეს, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სამზადისი კვლავ გრძელდება, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს კორონავირუსის გავრცელებას და მუდმივ კავშირში არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და ადგილობრივ მთავრობასთან და მასპინძელ მაუწყებლებთან NPO, NOS და AVROTROS-თან ერთად ყველა შესაძლო სცენარს განიხილავენ.

დღეის  მონაცემებით, ნიდერლანდებში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 12-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 959 ადამიანს აჭარბებს. სამეფოს ზოგიერთ რეგიონში დაიხურა სკოლები, თუმცა სასწავლო პროცესი სრულად არ შეწყვეტილა. აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების გამართვა, რომელზეც 100 ადამიანზე მეტი იქნება. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კი ათასობით პრესის წარმომადგენელსა გულშემატკივარს აერთიანებს 41 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად.

დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა სლოვენიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RTV SLO-ს გენერალური დირექტორის ნატალიო გორშჩაკის კომენტარი, “გეგმა ბ”-ს არსებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მონაწილეები საკუთარ ქვეყნებში ჩაწერენ საკონკურსო ნომრებს და შემდეგ ტელევიზიით გადაიცემა, თითქოს ევროვიზია მართლაც როტერდამში ტარდება, თუმცა აღნიშნულმა ფაქტმა უკვე გამოიწვია გულშემატკივრების გაღიზიანება, რადგან ზოგიერთი მაუწყებელი მოკლებულია მაღალი ხარისხის პროდაქშენის ქონას.

როგორც გორშჩაკმა აღნიშნა ეს მხოლოდ “გეგმა ბ” გახლავთ, ხოლო ამ ეტაპზე ევროვიზიისთვის ჩვეულებრივი მზადების პროცესი მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით არსებობს ექვსი სხვადასხვა სცენარი

  • ცვლილებების გარეშე – ევროვიზია 2020 ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო
  • მაყურებლის გარეშე არენაზე – აჰოის არენაზე როტერდამში თუმცა მაყურებლების გარეშე
  • მაყურებლის გარეშე, ადგილობრივი ტელევიზიიდან – ადგილობრივი სტუდიებიდან მაყურებლების გარეშე
  • ეროვნული მაუწყებლობა – ყველა ქვეყანა თავის მიერ შეურჩეული სტუდიიდან გადასცემს
  • გადადება – განიხილება უამრავი შესაძლო ვარიანტი
  • გაუქმება – ამ ეტაპზე ეს ვარიანტი საერთოდ არ განიხილება

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო უკვე გაუქმდა ლონდონის, თელ-ავივისა და მადრიდის ევროვიზიის წვეულებები.

უამრავი დელეგაცია უარს აცხადებს ნიდერლანდებში გამგზავრებაზე, სადაც პრომო ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს. ასევე, გასულ კვირას დელეგაციების შეხვედრას არ ესწრებოდა უამრავი დელეგაცია, მათ შორის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი სუპერვაიზორი იონ ულა სანი, რომელიც კარანტინში იმყოფება, მას შემდეგ რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როტერდამის მერის აჰმედ აბუთალების განცხადებით, კი აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება 6 აპრილამდე, რადგან სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყება სცენის აწყობა როტერდამის აჰოის არენაზე.

თქვენ როგორ ფიქრობთ უნდა მოხდეს თუ არა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გადადება ზაფხულისთვის? მოგვწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

უპასუხე