ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

უკრაინა: თინა კაროლი ჟიურის წევრი იქნება

ფოტო: eurovision.ua

უკრაინის შიდა შესარჩევი კონკურსი Vidbir 2020 (Євробачення. Національний відбір) გასული წლის მსგავსად წელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის UA:PBC-ისა და უკრაინის ყველაზე დიდი კომერციული არხის STB-ს მიერ ერთობლივად იქნება ორგანიზებული, რომლიც მეშვეობითაც უკრაინა თავის წარმომადგენელს შეარჩევს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეების ვინაობა ჯერ გაურკვეველია, ცნობილი გახდა, რომ, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ევროვიზიაზე უკრაინის 2006 წლის წარმომადგენელი თინა კაროლი (Тіна Кароль) იქნება ანდრეი დანილკოსთან (იგივე ვერკა სერდუჩკა) ერთად, რომელიც 5 წელია ჟიურის უცვლელი წევრია. ჟიურის მესამე წევრის შესახებ კი ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.

2006 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობის შემდეგ, სადაც მე-7 ადგილი დაიკავა სიმღერით „Show Me Your Love“, თინამ გამოუშვა 11 ალბომი, 35 კლიპი  და 3 მუსიკალური ფილმი. ასევე ჰქონდა 11 სოლო საკონცერტო ტურნე. ის იყო The Voice of Ukraine-ისა და The Voice Kids of Ukraine-ის მსაჯი.

Vidbir 2020-ის წესები შეიცვალა

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის UA:PBC და STB მიერ გამოქვეყნებული ახალი წესის თანახმად, ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ შემსრულებელსა ან ჯგუფს, რომელსაც რუსეთში 2014 წლიდან კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია და არ გეგმავს მას ევროვიზიის ფინალამდე. ასევე მონაწილე არ უნდა იყოს ნამყოფი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით.

ცვლილებების მიზეზი გასული წლის მოვლენები გახდა, რის გამოც უკრაინას 2019 წლის ევროვიზიაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული მომღერალი მარუვი რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო ევროვიზიის საგზურის გარეშე დატოვა.

 

თქვენი აზრით 2020 წლის შესარჩევიც ისეთივე სკანდალური იქნება, როგორიც გასულ წელს იყო?

 

უპასუხე