ევროვიზიის სიახლეები
შესარჩევი

გაიცანით “საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის “საქართველოს ვარსკვლავის”  მეორე სეზონის ფინალისების ვინაობა ცნობილია, ხოლო მათ შორის გამარჯვებული საქართველოს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს. გამარჯვებულისთვის სიმღერას საზოგადოებრივი მაუწყებელი შეარჩევს. 

თავდაპირველად 10 კონკურსანტიდან დღეს მხოლოდ 4 მათგანია ფინალურ ეტაპზე და სწორედ მათ შორის გამარჯვებული გახდება საქართველოს ვარსკვლავი, ამას კი მაყურებელი 31 დეკემბრის ფინალურ შოუზე გადაწყვეტს.

კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი გახლავთ ბარბარა სამხარაძე, რომელიც 2000 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა სოფელ ჭაბუკიანში. ქართველი მაყურებლისთვის ის ცნობლი 2016 წელს ტელეშოუ ნიჭიერში გამარჯვების შემდეგ გახდა. ბარბარა ცნობილია არამხოლოდ თავისი პოზიტიურობით, არამედ ფართო დიაპაზონით – კონტრ ოქტავიდან მეორე ოქტავის მი ბემოლამდე. ძირითადი ჟანრი კი გახლავთ სოული, ჯაზი და პოპ მუსიკა. მისი სურვილია, რომ სულ სხვა ბარ­ბა­რა იხი­ლოს მა­ყუ­რე­ბე­ლმა. ბარ­ბა­რა, რო­მე­ლიც და­ჩაგ­რუ­ლი ქა­ლე­ბის სახე იქ­ნე­ბა.

ფოტო: 1tv.ge

კონკურსის შემდეგ ფინალისტი გახლავთ თორნიკე ყიფიანი, რომელიც 1987 წლის 11 დეკემბერს დაიბადა და დაახლოებით ჩვიდმეტი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ესწავლა გიტარაზე დაკვრა და ჩამოეყალიბებინა თავისი ჯგუფი. “X ფაქტორის“ პირველი სეზონის გამარჯვებული და პროექტის ყველა სპონსორის რჩეულიც გახდა 2014 წელს.  თორნიკეს აზრით, მუსიკოსისთვის, მნიშვნელოვანია სიყვარული, სიხარული, თავისუფლება, თუმცა ყველაზე ძვირფასი, რაც მას გააჩნია არის მსმენელი და მუზა.

ფოტო: 1tv.ge

მესამე ფინალისტი კი თამარ კაკალაშვილი გახლავთ. 22 წლის მომღერალი, რომელიც მსმენელმა მუსიკალურ შოუ “X ფაქტორი”-ის მეშვეობით გაიცნო, როდესაც ის გორის გოგონათა გუნდში მღეროდა. თამარი გამორჩეულია საოცარი ხმითა და ემოციით. გარდა მუსიკისა თამარის გატაცებებს შორის არის მოგზაურობა და მთამსვლელობა. როგორც თვითონ ამბობს სიმღერა 8 თვის ასაკში დაიწყო, ხოლო ფორტეპიანოზე დაკვრა კი 7 წლის ასაკიდან. გუნდში უკე 13 წელია რაც მღერის.

ფოტო: 1tv.ge

საქართველოს ვარსკვლავის მეოთხე ფინალისტი კი “მზიურის” მერვე თაობის ბასისტი 18 წლის მარიამ გოგიბერიძეა, რომელიც სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე სწავ­ლობს, მაგ­რამ 3 წლის ასაკიდან მღე­რის. სიმღერისა და ბასგიტრაზე დაკვრის გარდა მარიამი გატაცებული იყო ლექსების წერით, ხატვით – ზოგადად ხელოვნებით, თუმცა უნივერსიტეტის გამო ბევრ რამეს ვეღარ ასწრებს. მარიამის აზრით „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ არის დიდი გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ, შე­იძ­ლე­ბა, არ გა­ი­მარ­ჯვო, მაგ­რამ საკუთარი მა­ყუ­რე­ბე­ლი, მსმე­ნე­ლი შე­მო­იკ­რი­ბო.

ფოტო: 1tv.ge

“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული საქართველოს წარადგენს 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელსაც ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს 12, 14 და 16 მაისს.

 

თქვენ აზრით, ვინ უნდა გაიმარჯვოს “საქართველოს ვარსკვლავში” და წარადგინოს საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე?

1 კომენტარი

  1. თორნიკე ყიფიანმა უნდა გაიმარჯვოს თავისთავად 🤟 სხეულის თითოეული უჯრედით მუსიკოსია 👑

უპასუხე